1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლი დაათვალიერა

ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და რეგიონში აგრობიზნესის განვითარების მიზნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში ღვინის სახლი გაიხსნება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა) იპ აგროსერვისცენტრის ბაზეზე აშენებული ღვინის სახლი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ დაათვალიერეს. ა(ა)იპ აგროსერვისცენტრის ბაზაზე გახსნილ ქართული ღვინის სახლში მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ღვინის წარმოების ტრადიციებს, ადგილზე დააგემოვნონ და შეიძინონ საქართველოში წარმოებული სხვადასხვა სახეობის ღვინო. ღვინის სახლში განთავსებულია ღვინოსა და მასთან დაკავშირებული რეწვის ნიმუშების საგამოფენო დარბაზი, ენოთეკა და ეთნოგრაფიული კუთხე.

რეგიონში აგრობიზნესის და აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ღვინის სახლში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, მცირე ფერმერული და საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოებული ღვინისა და კვების პროდუქტების გამოფენებიც მოეწყობა. ღვინის სახლში განთავსებულ ტექნოლოგიურ საწარმოში ადგილობრივი ფერმერებისთვის ღვინის დაყენების თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობის მიზნით, ტრენინგების ჩატარებაც იგეგმება. ა(ა)იპ აგროსერვისცენტრის ღვინის სახლს ტურისტული დანიშნულებაც ექნება. აქვე განთავსდება საინფორმაციო ცენტრი, სადაც აგროტურიზმით დაინტერესებულ პირებს აჭარის რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.